საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, მოსახლეობას მოძრაობის კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა. მათ შორის არიან, პოლიტოლოგი, გრიგოლ გეგელია, სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კუპრაძე და ჯოზეფ სმიტი.
ხაზარაძემ თორმეტეულის წარდგენა პოლიტიკური განცხადებით დაიწყო. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ქართული პოლიტიკა უპერსპექტივობაში შეიყვანა და ამის შესაჩერებლად პოლიტიკური წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს.
„ქართული პოლიტიკა შედის უპერსპექტივობაში იმ გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ მიიღეს. არის დიდი წინააღმდეგობა ამის მიმართ და ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება. ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისკენ, რომ მიეცეთ არჩევანის შესაძლებლობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ ჩვენი ორიენტაცია, ევროპული ორიენტაცია“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა, 18 სექტემბერს კი მოძრაობის პირველი 12 წევრი წარადგინა.