logo
ENG



მამულაშვილი: ოცნება მალავს, რომ სუდანიდან ქართველები უკრაინის დაზვერვამ გამოიყვანა

29 აპრ 202319:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/29/nrw7sqcgxlhbeyj.jpg

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან გამოყვანის ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტმა დაგეგმა, საქართველოს ხელისუფლება კი ამ ფაქტს მალავს.

მამულაშვილის თქმით, სამხედრო დაზვერვის სტრუქტურაში შედის ქართული ლეგიონიც და მათ ამ ოპერაციის შესახებ იცოდნენ.

"სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი არის ის სტრუქტურა, რომელშიც ქართული ლეგიონიც შედის. ამ ოპერაციის დაგეგმვის შესახებ ჩვენც ვიცოდით. სპეცოპერაცია იყო ჩატარებული სწორედ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მიერ და საქართველოს მოქალაქეები უკრაინის მოქალაქეებთან ერთად იყვნენ ფაქტობრივად გათავისუფლებულები და გადმოყვანილი უსაფრთხო ზონაში.

ეს სპეცოპერაცია მთლიანად არის ჩატარებული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის მიერ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ამას მალავს და ფაქტობრივად, მადლობის მაგივრად არც კი ახსენეს რომ ეს არის უკრაინელი ძალოვნების მიერ ჩატარებული ოპერაცია" - განაცხადა მამულაშვილმა.

ქართული ლეგიონის თქმით, უკრაინულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეების გადარჩენის ვალდებულება რამდენჯერმე აიღო, მათ შორის აფხაზეთის ომში მონაწილეობითაც.

მამულაშვილის თქმით, ფაქტი, რომ ომში ჩართული უკრაინა დაეხმარა საქართველოს მოქალაქეებს არის იმის დასტური, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე“.

მისი აზრით, საქართველოს მთავრობის ქმედებები "არის რუსეთისადმი ლოიალობის ნიშანი", საქართველოს მთავრობას "უკრაინის ხსენებისაც ეშინია", რისი მიზეზიც ისაა, რომ "ის კრემლის დაკვეთებს ასრულებს".

მისი თქმით, უკრაინაში ძალიან ცუდად ფასდება ის, რომ „საქართველოს მთავრობამ არც ერთხელ ახსენა, რომ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში "მთლიანად ჩართული იყო უკრაინული ძალოვანი სტრუქტურა".

* * *

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის შესახებ უთანხმოების გამო შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.

სუდანიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია დროებითი ზავის პირობებში მიმდინარეობს. სუდანი უკვე დატოვეს ამერიკელმა დიპლომატებმა და მათი ოჯახის წევრებმა. თავისი მოქალაქეები გაიყვანა ესპანეთმა. საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ მათაც შეძლეს 700-მდე ადამიანის ევაკუაცია. მოქალაქეები გამოიყვანა დანიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ და შვედეთმა. ხალხის ნაწილის ევაკუაცია პორტ სუდანიდან წითელი ზღვის გავლით მოხერხდა. ქვეყნის დატოვებას ყველა შესაძლო გზით ცდილობენ თავად სუდანის მოქალაქეებიც.

24 აპრილს ფორმულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო.

25 აპრილს უკრაინამ განაცხადა, რომ სუდანიდან უკრაინის, საქართველოსა და პერუს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დახმარებით განხორციელდა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამმართველო უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მოქმედებდა.

27 აპრილს სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. მათ შორის იყვნენ ავიაკომპანია Geosky-ის და ავიაკომპანია Myway-ის თანამშრომლები.

ცხელი წერტილიდან გამოყვანილი მოქალაქეები ამბობენ, რომ პროცესში ჩართული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ისინი არ ადასტურებდნენ, რომ ამ პროცესში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტი მონაწილეობდა. ამას არ ადასტურებს ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტიც.


close დახურვა