logo
ENG



მანანა ნაჭყებია: ხელისუფლების სავიზიტო ბარათი გახდა მოღალატეობის წახალისება

26 ნოე 201914:29
3 წუთის საკითხავი
 
n1p7b4ce7ucrbs8.jpg

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, დღეს საღამოს ოპოზიციური პარტიები ისევ შეიკრიბებიან მათი პარტიის ოფისში და იმსჯელებენ მომავალ გეგმებზე. მისი თქმით, ოპოზიციას არ ჰქონია ილუზია, რომ ხელისუფლება დათმობაზე მარტივად წამოვიდოდა.

„ბუნებრივია, შეხვედრები გაგრძელდება და ჩვენ არ გვჯერა, რომ ერთ- და ორდღიანი აქციებით რაიმე დათმობაზე წამოვა ხელისუფლება, ჩვენ ვეცდებით, დისკომფორტი შევუქმნათ მათ. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ დესტაბილიზაცია არის მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვთავაზობთ მათ გერმანულ მოდელს და არც აქვთ მცდელობა, მოგვისმინონ. ხუნდაძე, რომელიც მოგვევლინა დესტაბილიზაციის მოწინააღმდეგედ და გვაშინებს გერმანიის მაგალითით - მაინტერესებს, თუ დაინტერესებულა ოდესმე ბატონი ხუნდაძე, რამდენია გერმანიის მშპ, როგორც ცხოვრობენ მოქალაქეები, ან ისრეალით რომ გვაშინებენ - დაინტერესებულა, როგორ ცხოვრობს ისრაელის მოსახლეობა? თუ არ გვინდა დესტაბილიზაცია და არ გვინდა ის, რაც დღეს ხდება, დასხედით ოპოზიციასთან. მე დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია დაარწმუნებს მათ, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციის არცერთ მუხლთან არ მოდის წინააღმდეგობაში“, - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გაიხადა ხელისუფლებამ სავიზიტო ბარათად მოღალატეობა.

„რატომ ხდება, რატომ გააკეთა ხელისუფლებამ, რომ მისი სავიზიტო ბარათი გახდა მოღალატეობის წახალისება, ვერაფრით ვხვდები. ეს თუ არის მათი ბუნება, რა თქმა უნდა, მოსახლეობას ექნება პროტესტი. მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, თუ ესენი, „ამბოხებული მაჟორიტარები" ეწინააღმდეგებოდნენ ხელისუფლების კურსს, აბა გაბედონ და დაასახელონ ისინი მომდევნო არჩევნებში მაჟორიტარებად. მთავრობაში უნდა შეეგუონ, რომ პიკეტიც იქნება, პარლამენტშიც არ შევუშვებთ მათ და კეთილი ინებონ და პარლამენტის დღის წესრიგი გახადონ ადეკვატური“, - ამბობს ნაჭყებია. 

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ რუსთაველზე მიმდინარე აქცია გამთენიისას წყლის ჭავლით დაშალა.


close დახურვა