მანდატის შეწყვეტაზე უარის თქმა ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მისი თქმით, მანდატის შენარჩუნებით არაერთი უფლება ეზღუდება.
"დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება, რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლება, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, -ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა აქ იმუშაოო," - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურა ჯაფარიძეს და 50 სხვა დეპუტატს, რომლებმაც პარლამენტს შესაბამისი განცხადებებით მიმართეს, ქართულმა ოცნებამ მანდატების შეწყვეტაზე უარი უთხრა.
ჯაფარიძემ თქვა, რომ მას დეკლარაციის შევსებაც მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარიმით დაემუქრნენ.
სხვადასხვა პარტიის 51 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვა, ბოიკოტის რეჟიმშია და დეპუტატობაზე უარს ამბობს.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ითხოვს; ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. თუმცა, ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებას თანხმდება.
მანდატების გაუქმება არ მოუთხოვია გირჩის მეორე განაყოფს - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი კი პარლამენტშიც შევიდნენ, როგორც ამბობენ, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების დაპირების სანაცვლოდ. ასევე, პარლამენტში არიან პატრიოტთა ალიანსის სიის 4 დეპუტატი, რომლებმაც ახალი პარტია - ევროპელი სოციალისტები დააარსეს.