logo
ENG



მანჯგალაძე კომენდანტის საათზე: ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, პროფესიონალებს დავეკითხო

16 მაი 202114:28
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ არ იცის, რა როლს ასრულებს კომენდანტის საათი პანდემიის პრევენციის კუთხით. 

ამიტომ, მისი თქმით, ამაზე პროფესიონალებს დაეკითხება. 

"პატივს ვცემ მოსახლეობის გადაწყვეტილებას, ამ 29 ათას ადამიანს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, პროფესიონალებს დავეკითხო. მე არ ვარ პროფესიონალი, არ ვიცი, რა როლს ასრულებს კომენდანტის საათი ვირუსის შეჩერების და პრევენციის თვალსაზრისით. ამიტომ, მე დავეკითხები პროფესიონალებს". - უთხრა მან ფორმულას. 

კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელს 30 ათასზე მეტი მოქალაქე აწერს. 

თუმცა, კომენდანტის საათის პირობებში ცხოვრების 6 თვის შემდეგაც უცნობია, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება ამ მიმართულებით. 

ე.წ კომენდანტის საათი 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.

მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.

გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო.

ბოლო შემსუბუქება მართლმადიდებლური აღდგომის ღამესაც განხორციელდა, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა 3 საათით ნაკლები დროით მოქმედებდა. კერძოდ, კი ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის მიერ.


close დახურვა