დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ინიციატივა საინტერესოა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს განიხილავენ.
ამასთან, მანჯგალაძე ეთანხმება მამუკა ხაზარაძეს და ამბობს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ერთი პარტიიდან არ უნდა იყვნენ წარმოდგენილები.
"ჩვენთვის ეს საინტერესო წინადადებაა, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად განიხილავენ გიორგი ვაშაძეს. სტრატეგია აღმაშენებელს შეუძლია საერთო ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე, უარი თქვას საკუთარ ამბიციებზე, თუმცა, სანამ კონსულტაციები დაიწყება, ჩვენ ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია პრემიერმინისტრობის კანდიდატად განხილული იყოს გიორგი ვაშაძე", - თქვა მანჯგალაძემ.
გუშინ, 19 ივლისს მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქპოსტით ოპოზიციას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროა, ოპოზიციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას დიდი კოალიციის შესაქმნელად.
ხაზარაძის თქმით, საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.
"ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად. უკვე დღეს საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე", - წერს ხაზარაძე.