logo
ENG



მარგველაშვილი ვასაძეზე: ახლო მეგობარია, მაგრამ მისი პარტიის ამომრჩეველი არ ვარ

27 მაი 202116:07
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ პარტია "ერის" დამფუძნებელ ლევან ვასაძესთან ახლო ურთიერთობა აქვს, თუმცა მათი პოლიტიკური შეხედულებები განსხვავდება.

როგორც მარგველაშვილმა გადაცემა კომენტარში განაცხადა, ვასაძის პარტიის ამომრჩეველი არ არის.

"მე და ლევანს გვაკავშირებს ძალიან ბევრი წელი, უაღრესად ახლო მეგობრობის, ერთმანეთის ნათესაობის, ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ძალიან ახლოს გავატარეთ, თუმცა პოლიტიკაში ჩემი და ლევანის შეხედულებები არის აბსოლუტურად განსხვავებული როგორც საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე საშინაო პოლიტიკასთან.

შესაბამისად, ლევანის პარტიის ამომრჩეველი მე არ ვარ, მაგრამ ბუნებრივია, ეს არ მაძლევს შესაძლებლობას გითხრათ, რა არის ლევანის პარტიის საბოლოო მიზნები. მე ლევანთან არ მისაუბრია, ასე რომ ვერ მოგიყვებით. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მე ამ ტიპის პოლიტიკური ორიენტაციის ამომრჩეველი არ ვარ და სხვა პოლიტიკურ მომავალს ვხედავ ჩვენი ქვეყნისთვის", - თქვა მარგველაშვილმა. 

ცნობისთვის, ლევან ვასაძემ, რომელიც წლებია პროპუტინურ და პრორუსულ აზრებს ტირაჟირებს და დისკრიმინაციული და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევა, პოლიტიკაში მოსვლა 2021 წლის 6 მაისს დააანონსა. მან დააფუძნა პარტია "ერი - ერთობა, რაობა, იმედი". 

აღსანიშნავია, რომ ვასაძე გუშინ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოსკოვში, კრემლის იდეოლოგს, "საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის" ლიდერ ალექსანდერ დუგინს შეხვდა.


close დახურვა