logo
ENG



მარიტა მუსელიანი: რაც ჩვენი დაფინანსებაზე ლაპარაკი დაიწყო, გადმორიცხვებმა მკვეთრად მოიმატა

29 მაი 202114:59
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

29 მაისს, გამთენიისას რიონის ხეობაში ხმაური იყო. 

ენკას თანამშრომლებმა სცადეს შესვლა იქ, სადაც ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

კომპანიის წარმომადგენლებს ხელი აქტივისტებმა შეუშალეს. ადგილამდე მისასვლელად მათ პოლიციის დახმარება დასჭირდათ. ათობით პოლიციელმა გზის სავალი ნაწილი აქტივისტებისგან ძალის გამოყენებით გაათავისუფლა. 

"ძალიან დიდი მობილიზება დასჭირდა ENKA-ს რამდენიმე პიკაპის გატარებას. არსებით წინააღმდეგობას არ აქვს ადგილი, თუმცა, მაინც გზას ვკეტავდით. გამოვიდა სპეცრაზმი და ეს ხალხი გზიდან გაიყვანა. ჩვენი მიზანი არ არის ფიზიკური წინააღმდეგობა. სისულელეა, რომ შეიძლება შეიარაღებულ ადამიანებს ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიოთ. დანარჩენი თქვენ თვითონ განსაჯეთ - იმისთვის, რომ პიკაპით გადაადგილდეს, კომპანიას სჭირდება სპეცრაზმის მობილიზება". - ამბობს მარიტა მუსელიანი, "რიონის ხეობის მცველი". 

მისივე თქმით, ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები გეგმავენ, მათი ფინანსების შესახებ შიდა აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნონ. 

მუსელიანი ამბობს, რომ მათ ამის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, ვინაიდან დაფინანსების საკითხმა დისკუსია გამოიწვია, ამ ინფორმაციას საჯაროს გახდიან. 

"სრულად წარმოჩინდება ყველაფერი, რაც არავითარ შეკითხვას არ დატოვებს. რაც ამაზე ლაპარაკი დაიწყო, გადმორიცხვებმა მკვეთრად იმატა" - ამბობს მარიტა მუსელიანი

"რიონის ხეობის მცველები" ნამახვანჰესის აშენებას 6 თვეზე მეტია, აპროტესტებენ. ჩაატარეს რამდენიმე მრავალრიცხოვანი აქცია, მათ შორის თბილისშიც. როგორც თავად ამბობენ, მოქალაქეები თვითორგანიზდებიან, ასევე, ფინანსურად ეხმარებიან ემიგრანტები.

მას შემდეგ, რაც "რიონის მცველების" დაფინანსებაზე საუბარი დაიწყო, მოქალაქეებმა ფეისბუქზე დაიწყეს კამპანია "მე გადავრიცხე", რითაც ხაზს უსვამენ, რომ პროტესტის მიღმა მათ გარდა არავინ დგას. 

"რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.


close დახურვა