logo
ENG



მარიუპოლის მერია: ქალაქის 80-90% დაბომბილია, არცერთი შენობა არაა დაზიანებების გარეშე

17 მარ 202212:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/17/o9o0sc2qrl0ylvk.jpg
Forbes Ukraine

დონეცკის რეგიონში, ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ძალების თავდასხმების შედეგად შენობები და ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად განადგურდა. ამის შესახებ ქალაქის მერის მოადგილემ სერგეი ორლოვმა უკრაინულ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი დათვლებით, 80-90% დაიბომბა. არცერთი შენობა არაა დაზიანებების გარეშე. ისინი ან სრულად განადგურდნენ ან დაზიანდნენ.“ - განაცხადა მერის მოადგილემ. 

ორლოვი აცხადებს, რომ 13 მარტის მონაცემებით მარიუპოლში 2 358 ადამიანი დაიღუპა. თუმცა მისი თქმით, ეს ის ადამიანები არიან, ვის ცხედრებიც ქუჩებში იპოვეს. შესაბამისად, ეს არაა ზუსტი რიცხვი, რადგან ნანგრევებში, სავარაუდოდ, მეტი ადამიანია მოყოლილი და მოსალოდნელია, რომ ამ რიცხვზე 1.5-2-ჯერ მეტი დაღუპულია. 

ორლოვის ინფორმაციით, ბლოკადის შემდეგ ქალაქში 350-400 ათასი ადამიანი დარჩა. ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად განადგურდა და აღარ მუშაობს. მოსახლეობას წყლის პრობლემებიც აქვს. მერიის ინფორმაციით, მოქალაქეები თოვლს აგროვებენ და ადნობენ.

„გარდა ამისა, მოსახლეობას არ აქვს გათბობა, მათ გათბობის სისტემები წყლისგან დაცალეს რათა ეს წყალი გამოეყენებინათ. ქალაქში 3-4 წყაროა, სადაც წყალი ზედაპირზე ამოდის. მარიუპოლის სამსახურები წყალს იქ აგროვებენ და ქალაქის ცენტრში, რამდენიმე წერტილში მიაქვთ. მაგრამ ეს წყაროები ნახევარმილიონიანი ქალაქისთვის, რომლის ფართობიც 272 კვადრატული კილომეტრია, არაფერია“ - განაცხადა მერის მოადგილემ.

ორლოვი აცხადებს, რომ ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნები და ევაკუაცია სჭირდება. მისი თქმით, ქალაქის მერია 11 დღეა ცდილობს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა რუსეთი მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს. 

„ჩვენ როგორც ქალაქის ხელისუფლებას გვსურს ერთი რამ: გავხსნათ ჰუმანიტარული დერეფანი და მივაწოდოთ იქ ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ დახმარების ჩატანას იქ 11 დღეა ვცდილობთ! ჩვენი ბოლო ჰუმანიტარული კოლონა გზაში 4 დღის განმავლობაში იყო და რუსეთმა მათ მარიუპოლში შესვლის ნება არ მისცა. იქ არიან ავტობუსებიც. ჩვენ მზად ვართ ყოველდღე 3 000 ადამიანი გამოვიყვანოთ იქიდან. მაგრამ ისინი ამის ნებას არ გვაძლევენ. რა არის გამოსავალი? მოგვეცით ჩვენ შანსი, რომ შემოვიტანოთ ჰუმანიტარული დახმარება შევიტანოთ და გამოვიყვანოთ ყველა, ვისაც ადგილის დატოვება სურს. ჩვენ ამის გასაკეთებლად მზად ვართ. ისინი მზად არ არიან ამისი ნება მოგვცენ“ - განაცხადა მერის მოადგილემ.

ორლოვი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაიაზრა, რომ უკრაინასთან ბრძოლას ვერ მოიგებს ისინი მოქალაქეებს და ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება დაიწყეს.


close დახურვა