logo
ENG



მარკ მილი: პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ, რუსეთის ხელმძღვანელობაში დაბნეულობა, უთანხმოებაა

14 ივლ 202309:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/14/1gvqmw30t5jw8ov.jpg

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ ვაგნერის სამხედრო დაჯგუფების ამბოხის შემდეგ, რუსეთის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან უთანხმოებასა და დაბნეულობას განიცდის.

"დიდი განხილვა მიმდინარეობს მაღალ დონეზე, თუ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი საბოლოოდ. მე არ ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი დასრულდა. ვფიქრობ, რომ წინ კიდევ ბევრი რამაა მოსახდენი", - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის უმაღლესმა გენერალმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარკ მილი ასევე აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში, სავარაუდოდ, მეტად არიან ორიენტირებული ადგილზე არსებულ ვითარებასა და საკუთარი თავის გადარჩენაზე.

ომის დაწყების შემდეგ, ვაგნერის მებრძოლები უკრაინაში რუსეთის არმიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცნენ - თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა ბახმუტში, რის ფონზეც, ვაგნერის ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა