აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 13 იანვარს ვაშინგტონში შეხვდნენ და პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ TRIPP-ის განხორციელების ჩარჩო წარმოადგინეს. დოკუმენტი 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად არის შეფასებული და სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ჩარჩო-დოკუმენტი განსაზღვრავს კონკრეტულ გზას TRIPP-ის ამოქმედებისთვის, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მრავალმოდალური სატრანსპორტო კავშირის შექმნას ითვალისწინებს. ინიციატივამ უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის დაკავშირება და გახდეს ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის მნიშვნელოვანი რგოლი. ამავდროულად, დოკუმენტის მიხედვით, პროექტი სომხეთისთვისაც შექმნის ორმხრივ სარგებელს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა კავშირის თვალსაზრისით.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ TRIPP ეფუძნება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებს, რომლებიც 2025 წლის 8 აგვისტოს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ მშვიდობის სამიტზე დადასტურდა.
პროექტის საბოლოო მიზანი სომხეთისა და აზერბაიჯანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებაა, რეგიონული ვაჭრობისა და კავშირის გაფართოება, ამერიკული კომერციის ხელშეწყობა და ცენტრალურ აზიასა და კასპიის რეგიონს ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო შესაძლებლობების შექმნა.
