logo
ENG



მარნეულის საკრებულოს წევრმა ქართული ოცნება დატოვა და ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა

03 ოქტ 202015:53
3 წუთის საკითხავი
 
3c9t0ssjm75hxzj.png

მარნეულის საკრებულოს წევრმა, ილჰამ გასანოვმა ქართული ოცნება დატოვა და ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა. 

ამის შესახებ მარნეულში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის რუსთავის მაჟორიტარმა კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ თქვა. 

თავად გასანოვს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, კირკიტაძის თქმით, მიზეზი, რის გამოც გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა, 29 სექტემბერს ქართული ოცნების ოფისთან ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და აქტივისატების მიმართ ძალადობა გახდა. 

"ჩვენ არ დავიწყებთ რევიზიას, ვინ სად იდგა 2012 წელს, ვინ სად იდგა გუშინ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წარმატება და ყველას, ვისაც აქვს რესურსი და სურვილი ჩვენი ქვეყნის წარმატებისა, ჩვენი კარები არის ღია", - თქვა კირკიტაძემ. 

დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულში აქცია გამართა. მათი თქმით, ხელისუფლებას დღეს დაკავებულ 2 ადამიანზე სურს "ხელების შეწმენდვა, თუმცა ეს არ გამოუვა, რადგან ჩხუბში საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა", მათ შორის მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრი, შერმადინ ბოჭოიძე.

სექტემბრის თვის ბოლოს მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ძალადობა - 29 სექტემბერს. ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს.  საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მოძრაობა 2020-ის აქტივისტებს. 

თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაზარალებულები მათი პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვდნენ. მათ შორის არიან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრები.


close დახურვა