logo
ENG



მარტვილში ძალადობის მსხვერპლი ბავშვები დები არიან, ბრალდებულები - ოჯახის ახლობლები

25 ივნ 202120:03
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, მარტვილში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები დები არიან და მათზე ოჯახის ახლობლები ძალადობდნენ. 

თავდაპირველად ინფორმაცია 8 წლის გოგონას გაუპატიურების შესახებ გავრცელდა. ამ საქმეზე მამა-შვილი 65 წლის და 35 წლის პირები დააკავეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2018 წელს 9 წლის ბავშვზეც იძალადა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვან გოგოზე ძალადობა 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც 35 წლის კაცმა ჯერ კიდევ 6 წლის მეზობელი ბავშვი გააუპატიურა. 2 წლის განმავლობაში, გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო 35 წლის კაცის მამის მხრიდანაც. 8 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულებს ამავე ასაკის შვილები და შვილიშვილები ჰყავთ. სწორედ მათთან სათამაშოდ მისული ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა.

"მე მამიდა ვარ ბავშვის. ჩემი მეუღლის ბიძა და ბიძაშვილია მოძალადე. მაგრამ ის ჩვენთვის უკვე აღარავინ აღარ არის. სისტემატიური სახე ჰქონდა. ბავშვი ყვება საშინელებებს. თუ სადმე შეიძლებოდა - ტყეში, ტუალეტში, ყანაში, ოთახში. 2 წელი სისტემატიურად გრძელდება თურმე. შვილი დანით აშინებდა, ეუბნებოდა აქ დაგმარხავ", - ამბობს დაზარალებულის მამიდა. 

გამოძიება 35 წლის კაცს კიდევ ერთ დანაშაულს ედავება. ფორმულამ გაარკვია, რომ კაცის მსხვერპლი 8 წლის გოგოს გარდა, მისი უფროსი დაც გახდა. 

ძალადობის მსხვერპლი დების ადვოკატის თქმით, დაკითხვის შემდეგ ორივე მათგანმა მიიღო დაზარალებულის სტატუსი. რა მტკიცებულებები დევს საქმეში - ადვოკატი არ აზუსტებს, თუმცა, ფორმულას ცნობით, ერთი-ერთი მთავარი დოკუმენტი 8 წლის გოგოსთვის ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამა-შვილს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. 


close დახურვა