logo
ENG



მარტყოფისა და დუშეთის პანსიონატის შშმ ბენეფიციარები მათ მიმართ ძალადობაზე საუბრობენ

04 სექ 202320:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/04/9uzdatcenztwcam.png

მარტყოფისა და დუშეთის პანსიონატის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარები მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ.

ფორმულასთან საუბრისას ისინი აღნიშნავენ, რომ პანსიონატებში არასათანადო კვებაა, ჰიგიენა დაცული არ არის. ასევე, არის პენსიის გამოძალვისა და ფსიქიატრიულში გადაყვანის მუქარის შემთხვევებიც.

"ბენეფიციარების პენსიით მიდის ყიდვა ჭურჭლის, ინვენტარის, ჩაცმის, ჭამის. რატომ უნდა ხდებოდეს ბენეფიციარის პენსიით, როცა ტრეფიკინგის სამსახური უნდა გვარჩენდეს? ვისაც დიდი პენსია აქვს პირველი ჯგუფი ანუ 340 ლარი. დებს 100 ლარს, ზოგი 40 ლარს და ასე. სიტყვიერი მუქარა მუდმივად ხორციელდება. სოცმუშაკი არ გვყავს, ვის ვუთხრა? ვისაც ვურეკავ ყურადღებას არავინ გვაქცევს. შამპუნები თვეში ერთხელ რიგდებოდა და ახლა ორ თვეში ერთხელ რიგდება. თეთრეულზე თუ შეაწუხებ, დაგირიგებენ. ამ წლიდან ყველაფერს იძულებით ვითხოვთ და არაფერზე კმაყოფილი არ ვართ. აბაზანა ისე გამოიყურება, სულ გაყვითლებულია ყველაფერი"- ამბობს მარტყოფის პანსიონატის ერთ-ერთი ბენეფიციარი.

დუშეთის ბენეფიციარმა ფორმულასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას დაწესებულების დირექტორმა გიორგი მარტყოფიშვილმა წლების ნაგროვები პენსია და განვადებით შეძენილი მობილური ტელეფონი გამოართვა. ზარალი დაახლოებით 2 000 ლარს შეადგენს.

ქალი ასევე ჰყვება, რომ დირექტორმა ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნა, თუმცა კლინიკამ ის არ დაიტოვა, რადგან პაციენტს შესაბამისი პრობლემები არ ჰქონდა და მარტყოფის დაწესებულებაში დააბრუნა.

"მე ვითხოვ ჩემი ფულის დაბრუნებას და ჩემი ტელეფონის. ფიზიკური ძალადობა იყო ჩემზე პირველად. რომ შევდივარ პანსიონატში, შევდივარ ჯოჯოხეთში"- ამბობს დუშეთის პანსიონატის ბენეფიციარი.

ფორმულას გადამღებ ჯგუფს მარტყოფიშვილი პანსიონატში არ დახვდა. პანსიონატის თანამშრომლები ამბობენ, რომ დაწესებულებაში პატრულს ხშირად იძახებენ. მათ ასევე იციან ქალის საქმე, რომელიც დირექტორის თანხის გამოძალვის გამო უჩივის, თუმცა ამბობენ, რომ მათი დირექტორი "ყველანაირად მართალია".

განმარტებები არ გააკეთა მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა დაწესებულების დირექტორმა ვახტანგ ტეფნაძემ და ფორმულას გადამღები ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროში გადაამისამართა.

ბენეფიციარებმა დახმარების თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების წესს მიმართეს. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ დარღვევები შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიკვლიონ.

ბენეფიციარების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს ტრეფიკინგის სააგენტო კურირებს. სააგენტოს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარზე ინფორმირებული არ არიან და ბენეფიციართა მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას დეტალურად შეისწავლიან.


close დახურვა