logo
ENG



მასშტაბური არეულობა ბარსელონაში - შეტაკებებისას 50-მდე ადამიანი დაშავდა

19 ოქტ 201912:56
3 წუთის საკითხავი
 
wzitrey0q7ash99.jpg

თავისუფლების მარში ბარსელონაში მასშტაბური არეულობით დასრულდა. მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ ქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. შეტაკებების დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა, 20-მდე კი დააკავეს. ესპანეთის ხელისუფლება მათ უმკაცრესი სასჯელით ემუქრება. კატალონიის მოსახლეობა რეგიონის ყოფილი ლიდერების გასამართლებას აპროტესტებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვს.

5-დღიანი არეულობის პერიოდში  წუხანდელი ღამე ყველაზე მასშტაბური იყო. შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ქალაქში დილამდე გაგრძელდა. ეპიცენტრში ბარსელონის პოლიციის მთავარი განყოფილების მიმდებარე ტერიტორია იყო. მომიტინგეებმა დაწვეს სანაგვე ურნები და ქუჩაში აღმართული ბარიკადები, ძალოვნებმა კი მათ შესაჩერებლად ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ქალაქის ქუჩებში, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა გადაკეტეს ქალაქისკენ მიმავალი ცენტრალური გზები და ესპანეთი-საფრანგეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვაც, რის გამოც დაიკეტა ბარსელონის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის საგრადა ფამილიას ტაძარიც.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ამბოხის მოწყობის ბრალდებით 9 ბრალდებულს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

ოფიციალური მადრიდის წინააღმდეგობის მიუხედავად, სეპარატისტი ლიდერები უკან დახევას არ აპირებენ და კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.


close დახურვა