"განათლება სკოლიდან გამოვიდა, შემოვიდა ოჯახებში, მაგრამ ძალიან ბევრ ოჯახში ვერ შევიდა, როგორც საჭირო იყო, ისე", - სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ლადო აფხაზავა ყვება ონლაინსწავლების იმ პრობლემებზე, რაც თვეების განმავლობაში დაგროვდა, განსაკუთრებით სოფლად და ახლა "ვეღარ უმკლავდებიან".
ფორმულას ეთერში გადაცემა "კომენტარში" ინტერვიუსას მან ისაუბრა, ინტერნეტთან წვდომის არარსებობაზე, მოსწავლეებისა, თუ მასწავლებელთა ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე და თავად მოზარდების გამოწვევებზე, სრულფასოვანი განათლების მიღების სირთულეზე.
ლადო აფხაზავას თქმით, მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეების მობილიზება, რადგან ზოგიერთ მათგანს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. იგი ყვება, რომ რიგ შემთხვევებში თავად მასწავლებლები ეხმარებიან ბავშვებს ინტერნეტ პაკეტების შეძენაში.
"დღეს ჩიბათის საჯარო სკოლაში ვართ და დირექტორმა მითხრა, რომ რამდენიმე მოსწავლეს ჩაურიცხა ინტერნეტის თანხა, რადგან ონლაინ გაკვეთილებზე ვერ ესწრებოდნენ. ონლაინ გაკვეთილები მიდის, მაგრამ გზადაგზა იმდენი პრობლენა იყრის თავს, რომ ვეღარ ვუმკლავდებით.
მოსწავლეთა მშობლებმა სამსახურები დაკარგეს, ამიტომ მშობლებმა არ იციან, ინტერნეტი შეუძინონ შვილებს, თუ საკვები. როდესაც ამ ორ რაღაცაზე დარჩა არჩევანი მშობელს, ამჯობინეს, რომ საკვები შეეძინათ მოსწავლეებისთვის. ამ დროს ვეხმარებით ჩვენ, მასწავლებლები. მაგალითად, ახლა სწავლა არ არის, მაგრამ მასწავლებლები სკოლაში დავდივართ. მაგალითად, მე სოფელ ნიგვზიანში ვცხოვრობ, მაგრამ ჩიბათში ჩამოვდივარ, რათა უფრო ახლოს ვიყო ჩემს მოსწავლეებთან და მათ საჭიროებებთან".
იგი, ასევე ყვება, რომ ზოგიერთი მასწავლებელი სკოლაში იქაური ინტერნეტით სარგებლობისთვის მიდის, რადგან თავადაც აღარ აქვთ შეძენის ფინანსური შესაძლებლობა:
"მასწავლებლებსაც აღარ აქვთ ინტერნეტის თანხები, რადგან ბანკთან აქვთ ურთიერთობა, ვალდებულებები გააჩნიათ, ან მათმა მეუღლეებმა დაკარგეს სამსახურები და მთელი ეკონომიკური სიდუხჭირე დააწვა მათ ხელფასს".
ლადო აფხაზავა იხსენებს განათლების სამინისტროს ინიციატივას ინტერნეტ პაკეტების გაიაფებაზე. მისი თქმით, პროვაიდერებთან შეთანხმებაც შედგა, რომ იაფი ტარიფებით უნდა ესარგებლათ, თუმცა ამბობს, რომ მათ ან მის მოსწავლეებს ეს არ შეხებიათ:
"ახლახანს განათლების სამინისტრომ ხელი მოაწერა სხვადასხვა პროვაიდერთან შეთანხმებას, რომ ინტერნეტ პაკეტები გაიაფდება. უკვე მეორე ტრიმესტრი დაიწყო, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა, რომ მოსწავლე დაგვერეგისტრირებინა, ან ჩვენ, მასწავლებლები დავრეგისტრირებულიყავით, რათა 20-ლარიანის ნაცვლად, გვეყიდა 10-ლარიანი პაკეტები. "მაგთიმ" და "ჯეოსელმა" ხელი მოაწერეს, მაგრამ ჯერჯერობით, ისევ 20 ლარად ვყიდულობთ", - ამბობს ის.
აფხაზავა ყვება იმ პრობლემებზეც და გამოწვევებზეც, რის წინაშეც მოსწავლეები დგანან ბოლო თვეებია. მისი თქმით, არის რიგი საგნები, რომელთა ათვისება ონლაინ უჭირთ, ან საკმარისი დრო არ არის.
"არის საგნები, რომლებიც უჭირთ, მაგალითად, მათელატიკა ვერ გავიე ონლაინ სწავლების დროს, ქიმია ვერ გავიე, ფიზიკის გაკვეთილებს კი კარგად გვიტარებენ, მაგრამ არა რის საკმარისი დრო. ონლაინ სწავლების დროს მეტი დროა საჭირო, ვიდრე 20-წუთიანი ან 30-წუთიანი გაკვეთილები. მოსწავლეები უფრო სტრესულ სიტუაციებში არიან. მათთვის მნიშვნელოვანია, უშუალო ურთიერთობა ჰქონდეთ თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან. დიდხანს მოუწიათ სახლში გაჩერება", - ამბობს ლადო აფხაზავა.