თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას სახელმწიფო სავარაუდოდ აღარ გამოიძიებს. პროკურატურამ სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის მაჩალიკაშვილის საქმეზე სამართალდამცველების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ვერ დაადგინა. რამდენიმე წელია პროკურატურა იძიებს იყო თუ არა გადაცდომა სუს-ის მაღალჩინოსნების მხრიდან პანკისის სპეცოპერაციის დროს. დაკითხეს მაღალჩინოსნები, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, მაგრამ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაირკვა რომ მათი ბრალეულობა ვერ დაადგინეს და საქმის დახურვას აპირებენ. თუმცა, ძალოვანი უწყება გამოძიების დასრულების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მოკლულის მამისთვის ძიების შეწყვეტა სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი დანაშაული იქნება. მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების დახურვის შემთხვევაში, მოკლული შვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ახალი ბრძოლის დაწყებას აპირებს, მაგრამ ამ ეტაპზე ბრძოლის გეგმებზე არ საუბრობს.
მსგავსი შინაარსიის განცხადებები ადვოკატებისთვის დასტურია იმისა,რომ საქმე შესაძლოა მართლაც დაიხუროს და დამნაშავეები არ დაისაჯონ. ხმაურიანი სპეცოპერაცია დღემდე საზოგადოების მაღალ ინტერესს ინარჩუნებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ შესაძლოა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა გახდეს აუცილებელი. თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს არსებითად იხილავს ევროპის ადამინის უფლებათა დაცვის სასამართლო. მათ უნდა დაადგინონ დაირღვა თუა არა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები. ასევე ევროპულმა სასამრთლომ უნდა თქვას ჰქონდა თუ არა ადგილი სუს-ის მხრიდან არადამიანური მოპყრობას სპეცოპერაციის ღამეს თემირლანის ოჯახის წევრების მიმართ.
„ფორმულა" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით პარლამენტის დეპუტატებს ესაუბრა. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ერთი წლის წინ სუს-ის მაღალჩინოსნებმა მათ და ოპოზიციის წევრებს საქმის საბუთები გააცნეს და კითხვის ნიშნები არ გააჩნიათ. საპარლამენტო ოპოზიცია კი უკვე მრავალი წელია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მის საძინებელ ოთახში მოკლეს. ოფიციალური მიზეზით ახალგაზრდამ ხელყუმბარის გახსნა სცადა. ოჯახი ქვედა სართულზე რამდენიმე საათით ყავდათ გამოკეტილი, შუბლზე იარაღმიბჯენილ ოჯახის წევრებს რამდენიმე საათის შემდეგ უთხრეს, რომ თემირლანი სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა. უკვე სამი წელია ოჯახი ამბობს, რომ თემირლანი შეცდომით მოკლეს. ამიტომ ითხოვენ ყველა პირის დასჯას ვინც სპეცოპერაცია დაგეგმა და ვინც უკანონო ბრძანება შეასრულა.