logo
ENG



მაცხოვრის აღდგომის დახურული ტაძარი და ონლაინ-ლიტურგიები - როგორ აღნიშნა მსოფლიომ აღდგომა

12 აპრ 202020:00
3 წუთის საკითხავი
 
4mwi74jf5vobdv6.jpg

იმედიანი გზავნილი უმძიმეს პერიოდში - ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს კორონავირუსის პანდემიის ფონზე შეხვდა. დახურული ტაძრები, დაცარიელებული მოედნები და ონლაინ-ლიტურგიები, მორწმუნეებისთვის ახალი რეალობა გახდა. მსოფლიო ერთდროულად გლოვობს და ზეიმობს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა გლობალურმა მაჩვენებელმა 110 ათასს გადააჭარბა. 

მორწმუნეებით გადაჭედილი ვატიკანის მოედნის ნაცვლად რომის პაპმა ტრადიციული სააღდგომო სიტყვით მსოფლიოს წმინდა პეტრეს ცარიელი ბაზილიკიდან მიმართა. 2013 წელს კათოლიკური ეკლესიის მეთაურად არჩევის შემდეგ ეს პაპი ფრანცისკეს ყველაზე კატეგორიული და პოლიტიკური გამოსვლა იყო. მან მსოფლიო ლიდერებს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ და გლობალური ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისკენ მოუწოდა.

ვატიკანის მსგავსად, სააღდგომო მსახურება მხოლოდ სასულიერო პირების თანხლებით ჩატარდა წმინდა მიწაზეც. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი მრევლისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად დაიკეტა. იერუსალიმის ძველ ქალაქში პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების დაცვას სამართალდამცველები მკაცრად აკონტროლებენ.

დღესასწაულის პერიოდში მოქალაქეებს ტრადიციების დროებით დავიწყებას განსაკუთრებულად სთხოვენ სახელმწიფო ლიდერები. სააღდგომო მიმართვებში ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, სოციალური დისტანცირების წესების დარღვევით საფრთხეს ნუ შეუქმნიან ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მიღწეულ შედეგს. იმ ფონზე, რომ ევროპის უმეტეს ქვეყნებში ამ დროისთვის უჩვეულო სითბოა და ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსს აღწევს, სახელმწიფო მეთაურები ხალხს კვლავ სახლებში დარჩენას ურჩევენ. 

აღდგომის დღესასწაულს მრევლის გარეშე ზეიმობენ შეერთებულ შტატებშიც. ლიტურგიები ან ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს, ან ტაძრებიდან ონლაინ რეჟიმში გადაიცემა. ჰიუსტონის ერთ-ერთ ეკლესიაში ვირტუალური ღვთისმსახურების ჩატარებაში სასულიერო პირს შოუბიზნესის ვარსკვლავები - მერაია ქერი და რეჟისორი ტაილერ პერიც დაეხმარნენ.

საზოგადოებისთვის დახურული მილანის საკათედრო ტაძრიდან მიულოცავს მსოფლიოს აღდგომას ცნობილი იტალიელი ტენორი. ანდრეა ბოჩელი ამბობს, რომ ეს არ იქნება კონცერტი, არამედ ლოცვა კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის. დუომოს ტაძარში მუსიკოსის გამოსვლა თბილისის დროით, 9 საათზე დაიწყება და მისი ნახვა ბოჩელის იუთუბ არხზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.


close დახურვა