logo
ENG



მაჭარაშვილი: ნიკა მელია დააყენეს დილემის წინაშე: გამოვა ვაი, არ გამოვა - ვუი

23 აპრ 202111:54
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიას თავდებობში ჩადგომა შარლ მიშელის დოკუმენტთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია.

მაჭარაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ხელმოწერის არ შესრულებას "არ გაატარებენ".

"ლელოს მოწადინება, რომ მესამე კარები გამოიგონოს მელიას გამოსვლის, არის აბსოლუტურ წინააღმდეგობაში იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც ლელომაც მოაწერა ხელი. მინდა ვუთხრა იმ პოლიტიკოსებს და პარტიებს, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, რომ თუ ჩვენ, ქართული ოცნება ვიქცევით ლოიალურად ჩვენი მოქალაქის თუ ოპოზიციის მიმართ, რა თქმა უნდა, ასე არ იქნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ევროკავშირის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტზე ხელმოწერა არ შეასრულო, არ იქნება გატარებული საერთაშორისო ინსტიტუციების მხრიდან", - ამბობს მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, ნიკა მელიას საკითხი პრიორიტეტული არ არის არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. 

"ჩვენ ვნახეთ აშშ-ის ელჩის და ევროპარლამენტარების განცხადებები, მათ შორის, ნიკა მელიასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა ნამდვილად ვერ გადააყოლებს ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არ გამოვა ციხიდან. ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არამხოლოდ საქართველოს საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელია დილემის წინაშე დგას.  მაჭარაშვილის თქმით, ნიკა მელია ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ლიდერმა გამოიყენეს. 

"ჩვენ თუ გადავხედავთ ნიკა მელიას ბოლოდროინდელ კომენტარებს, დავინახავთ, რომ მიხვდა, ის იქნა გამოყენებული ნაციონალური მოძრაობის და მისი პარტიული ლიდერის მხრიდან. აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა მელია დააყენეს ასეთი დილემის წინაშე გამოვა ვაი, არ გამოვა - ვუი. ეს არის მისი დღევანდელი დილემა", - თქვა მაჭარაშვილმა.

ლელოს ლიდერები ევროპარლამენტარებს სთავაზობენ, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენატრები მზად არიან ჩაერთონ ლელოს ინიციატივაში და თავდებში ჩაუდგენენ ნიკა მელიას. 

ლელოს ინიციატივას ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილიც შეუერთდა.

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

 მელიას გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 


close დახურვა