logo
ENG



მაჭარაშვილი აქციაზე: გამოჩნდა, რომ სააკაშვილზე უფრო ზრუნავს ხელისუფლება, ვიდრე მომხრეები

19 ნოე 202111:06
3 წუთის საკითხავი
 
მაჭარაშვილი აქციაზე: გამოჩნდა, რომ სააკაშვილზე უფრო ზრუნავს ხელისუფლება, ვიდრე მომხრეები

ოპოზიციის აქციების შეფასებისას ქართული ოცნების დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ხელისუფლება უფრო ზრუნავს, ვიდრე მისი მომხრეები. როგორც მან განმარტა, აქციები ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებას უწყობს ხელს.

15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. 

"ახლაც აღმოჩნდა, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, როგორც ადრე, დღესაც უფრო ზრუნავს ხელისუფლება, ვიდრე მისი მომხრეები. იმიტომ, რომ აქციებითა და რადიკალური გამოსვლებით ძალიან კარგად ვიცით, რომ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციები მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის. სჯობს, რომ მოხდეს კონსტრუქციულად კონსულტაციები ექიმების და გამომდინარე აქედან გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისეთი, რომელიც საერთო აზრი იქნება ექიმების ჯგუფი", - ამბობს მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის თქმით, კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნასთან ერთად უმჯობესი იქნება, თუ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტასაც მოუწოდებენ. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად". 

სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს.


close დახურვა