logo
ENG



მდინარაძე: 10-ზე მეტი ევროპელი კოლეგა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმაშია ჩართული

09 ივნ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: 10-ზე მეტი ევროპელი კოლეგა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის გეგმაშია ჩართული
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 10-ზე მეტი ევროპელი კოლეგა საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის გეგმაშია ჩართული. მდინარაძემ ეს გუშინ ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას თქვა.

"დაბრკოლებებს ქმნიან ქვეყნის გარედან ნაცმოძრაობის მეგობრები და დავალების მიმცემები. არსებობენ ადამიანები, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რომლებიც მუშაობენ იმ გეგმაზე, რომელზეც ჩვენ დღენიადაგ ვსაუბრობდით და რომელი გეგმაც საბოლოო ჯამში, მიდის მეორე ფრონტის გახსნამდე. ეს არის გენერალური ინტერესი მათი. სამწუხაროდ, ამ გენერალური ინტერესის განხორციელებაში ჩართულია 10-ზე მეტი ჩვენი ევროპელი კოლეგა"- ამბობს მდინარაძე.

ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებით რეზოლუცია განიხილეს, რომელსაც კენჭი დღეს, 9 ივნისს უყარეს.

დებატების დროს ევროპარლამენტში განაცხადეს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.

განხილვის საგანი იყო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაც. ვალდის დომბროვსკის თქმით, გვარამიას სასჯელი ეწინააღმდეგება ნდობისა და დამოუკიდებლობის საკითხებს. 

ევროპარლამენტარებმა მკაცრად გააკრიტიკეს ხელისუფლებაც. მათ ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილზეც. მარკეტა გეროგოროვამ მას კრემლთან კავშირების მქონე ოლიგარქიც უწოდა. 

მედიის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობისა და ხელისუფლების კრიტიკის მიუხედავად, ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. 


close დახურვა