მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ევროკავშირის მედიაციით განახლებულ მოლაპარაკებებზე კომპრომისული ნაბიჯი ოპოზიციამ უნდა გადადგას.
მისი თქმით, "არ შეიძლება, გამოვტოვოთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემები" - არჩევნების გაყალბების საკითხი და ნიკა მელიას საქმე.
მდინარაძე ნიკა მელიას "პოლიტპატიმარს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომნიტეტის სხდომაზე დადასტურდა მელიას მიერ კანონის დარღვევა; ასევე, მისი განცხადებით, დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
"მოლაპარაკებების საკითხში არ შეიძლება გამოვტოვოთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემები, რომელსაც მნიშვნელობა აქვს მაგიდასთან დასხდომის შემდეგ. აშშ-ის სენატში ხაზი გაესვა სამ საკითხს.
პირველი იყო "პოლიტპატიმარ" ნიკა მელიაზე პასუხი - მან დაარღვია კანონი.
მეორე ცრუ ნარატივი იყო გაყალბებული არჩევნები - სენატშიც გაისმა ეუთო/ოდირის ანგარიშისა, სადაც არჩევნები მოხსენიებული იყო, როგორც თავისუფალი.
მესამე იყო ნაცმოძრაობისა და მისი მედიების ნალაგები ნარატივი - თითქოს ვინმეს ეჭვი უნდა შეეპაროს ქართული ოცნების პროდასავლურობაში. 2012 წლიდან არ ყოფილა დღე, როცა ამ კურსს გადაუხვია - ფიქრადაც არ გაუვლია არავის". - თქვა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, ამ ფონზე "კონსტრუქციული ნაბიჯები" სწორედ ოპოზიციამ უნდა გადადგას.
"თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას. ეს არ არის მხოლოდ პარტიების ინტერესები". - თქვა მდინარაძემ.
***
23 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების" თემაზე მოსმენა გაიმართა.
სენატორმა შაჰინმა თავის შესავალ სიტყვაში საქართველოში "კრიტიკულ" სიტუაციასა და საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრაა:
"არ არის საკმარისი იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღურბლს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია".
მანვე ახსენა ოპოზიონერთა დაკავება და ეს "რუსეთის გამარჯვებად" შეაფასა.
"ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა", - თქვა სენატორმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯორჯ კენტმა, რომელიც სხდომაზე მომხსენებელი იყო, თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმების ვერმიღწევა ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დააზიანებს.
"ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ნება, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პასუხისმგებლობა წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც მხოლოდ მათ ეკისრებათ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ადმინისტრაცია მოელის თქვენთან და ევროპელ კოლეგებთან ერთად კონგრესში მუშაობის დაწყებას, რათა გამოინახოს არაერთი შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად", - აღნიშნა კენტმა.
კევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, რისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების მედიატორად დაინიშნა.
მედიაციის პირველი მცდელობა, რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ, 19 მარტს უშედეგოდ დასრულდა.
კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის გასაგრძელებლად თბილისში დღეს, 27 მარტს ჩამოვა. მოლაპარაკებები 29 მარტიდან განახლდება.
ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. ასევე, პარტიები ითხოვენ პოლიტპატიმრების - გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისყფლებასაც. ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული ყველა სხვა საქმის შეწყვეყას.
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის საბაბით 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს.
ერთ-ერთი კომპრიმისი, რასაც ოპოზიცია თანხმდება, პლებისციტია, რომლითაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშშე არჩევნების დანიშვნა.
ქართული ოცნება პრობლემებს არ აღიარებს, შექმნილ ვითარებას "ხელოვნურ კრიზისს" უწოდებს და პასუხისმგებლობას მთლიანად ოპოზიციას აკისრებს. ამასთან, მმართველი გუნდისთვის მიუღებელია ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების შესრულება.