ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება.
მისივე თქმით, პლებისციტი ოპოზიციის მხრიდან კომპრომისულ ნაბიჯად ვერ შეფასდება.
"პლებისციტი არის საკითხი, რომელიც მათი მხრიდან მცდელობად არის წარმოდენილი როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, თითქოს ეს არის რაღაც ნაბიჯი. ერთადერთი თემა, ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ დააყენეს და დღესაც ცდილობენ, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ ეს არის პლებისციტი. ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად, იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება.
ერთი არგუმენტი უკვე დავასახელე - მაგალითად, ავიღოთ, რომ ქართული ოცნების ყველა მომხრემ, ვინც მხარი დაუჭირა წინა არჩევნებში ქართულ ოცნებას, ისევ გაიმეორა, ოღონდ პლებისციტზე არდათანხმების გზით პირობითად ჩატარების შემთხვევაში და 48-49% არ ეთანხმება პლებისციტს, ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ლეგიტიმაცია ზუსტად იგივეა ქართული ოცნების, რაც არჩევნებზე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მაინც უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. წარმოუდგენელი ნონსენსია, ალბათ, მეთანხმებით...", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ოპოზიცია პლებისციტის მოდელს, რომელსაც მათ თავს ივანიშვილი ახვევს, არ უნდა დათანხმდეს. სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პლებისციტის ჩატარებით დროის გაწელვა სურს.
ექსპრეზიდენტის თქმით, ივანიშვილი პლებისციტის ჩატარების პერიოდში ეცდება "ქვეყნიდან გაყაროს" ასობით ათასი აქტიური ამომრჩეველი და ამით დამატებითი უპირატესობა შეიქმნას.
იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა. ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
4 რაუნდის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, შეხვედრაზე პლებისციტზე არ უსაუბრიათ.