ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თქვა, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი არც პარტიისთვის და არც საზოგადოებისთვის საინტერესო აღარაა.
მდინარაძის თქმით, სააკაშვილის მოწოდებები და ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები ტყუილს ეფუძნება და საზოგადოების აღშფოთებას ემსახურება.
„საინტერესო აღარ არის [სააკაშვილი] იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერს რასაც ისინი აკეთებენ, მისი განცხადებები, მისი მოწოდებები, მისი ლიდერების განცხადებები, ტყუილები, ფეიქები, რაც მათი მხრიდან ვრცელდება აქვს ერთადერთი მიზნით, რომ აღაშფოთოს საზოგადოება, ოღონდ ტყუილზეა ეს ყველაფერი აგებული. შესაბამისად, ჩვენთვის ეს საინტერესო აღარ არის და რაც მთავარია სანტერესო სუბიექტურად ჩვენთვის კი არა , საზოგადოებისთვისაც აღარ არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა გამოწვევებია ამ ქვეყანაში, ამ საზოგადოებაში და ამ გამოწვევებზე უნდა ვილაპარაკოთ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. ის 34-ე დღეა ციხეში შიმშილობს.
მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ამის საპასუხოდ მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.