logo
ENG



მდინარაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ჩავერთოთ ომში, სადაც ყველაფერი გადაწყვეტილი იქნება

01 მარ 202217:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/hye9d67gr3170sm.jpg

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს ომში, სადაც "წინასწარ იქნება გადაწყვეტილი ყველაფერი".

"რაც შეეხება იმას, რომ ეს მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, მაგალითად, და არა მოლდოვასთან, არა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, პირდაპირ მიანიშნებს, რომ არსებობს მცდელობა, საქართველო ჩაებას ომში. თუ ვთანხმდებით, რომ ახლა ამ ომში უნდა ჩავერთოთ, მაშინ ეს სხვა საკითხია და თუ ჩვენი პოლიტიკა სწორია, რომ საქართველო ახლა ომში არ უნდა ჩაერთოს, მაშინ, ალბათ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია.

არავის დაგვავიწყდეს, რომ თუ საბრძოლველი იქნება, ვიბრძოლებთ ყველგან ბოლომდე, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ქვეყანაა, რომლის 20% ოკუპირებულია და ოკუპანტის ჯარი დგას ქვეყნის შუაგულში, ცენტრალურ მაგისტრალთან. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ან ასე, ან ისე, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება და ხალხის აზრია ის, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ისეთ ომში, სადაც წინასწარ გეცოდინება ყველაფერი, მაშინ ყველა დანარჩენში ვართ მართლები. [...] ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ჩავერთოთ იმ ომში, სადაც წინასწარ იქნება გადაწყვეტილი ყველაფერი, სამწუხაროდ", - ამბობს მდინარაძე.

საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს, რასაც ხელისუფლება "ქვეყნის ინტერესების" საბაბით ხსნის. გარდა ამისა, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, რომელთაც საომარ მოქმედებებში ჩართვა სურდათ.

ქართული ოცნების პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურთ მათ, ვისაც ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის აღშფოთება მოჰყვა ქართული ოცნების მიერ უკრაინისთვის მკაფიო მხარდაჭერის არგამოცხადებას და ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში ინდივიდუალურად წასვლის ხელშეშლას. სწორედ ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკიც, რომელმაც საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურად მოხალისეების ომში წასვლას ხელს არ უშლიან NATO-ს წევრი ქვეყნებიც, რომლებიც საომარ მოქმედებებში ჩართულნი არ არიან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ამორალური უწოდა ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს ხელი შეეშალათ მოხალისეებისთვის.

"ჩვენი დიპლომატები ახორციელებენ სამართლიან მოქმედებებს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც უღალატა სიტყვას და საერთაშორისო სამართალს", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა