ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოში დაგეგმილ პომპეოს ვიზიტთან და ვიზიტის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორების გზავნილები პირველ რიგში ოპოზიციამ უნდა იღოს ყურად.
მდინარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მოიწონეს და მეორე ტურებში მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
"ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთი ცალსახა შეფასება გაკეთდა საქართველოში ჩატარებულ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ხაზი გაესვა გასამართი არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას, რომლითაც დარჩენილი მაჟორიტარული მანდატები უნდა გადანაწილდეს", - ამბობს მდინარაძე.
მისი მტკიცებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ოპოზიციამ მეორე ტურებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და პარლამენტის ბოიკოტზე ხელი აიღოს.
"სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით და მნიშვნელობით, მნიშვნელოვანია, პროცესი კვლავაც კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში წარიმართოს. ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ოპოზიციისთვის, რომ ისინი უნდა მოემზადონ მეორე ტურისთვის, პროცესი გადაიტანონ კონსტრუქციულ რეჟიმში, უარი თქვან რადიკალურ დღის წესრიგზე და პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან. ", - ამბობს მდინარაძე.
მდინარაძის მტკიცების მიუხედავად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შესახებ პოზიტიური შეფასებები არ იკითხება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ხაზგასმულია დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ საქართველოს 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები გაიმართება.
"21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების ჩატარება იგეგმება, დაახლოებით 16 მანდატისთვის. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის და ამ პროცესში ქართველი ხალხი აქტიურად მონაწილეობს", - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
რაც შეეხება ბოიკოტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აშშ-სა და ევროკავშირის ელჩის შუამავლობით გამართული მეორე შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი მკაფიო და უცვლელი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება იქნება.
"შემდეგ შეხვედრაზე უკვე კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ოპოზიციას მოლოდინი გვაქვს, რომ ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე იმიტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების განხილვას აზრი არ აქვს", - ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებთან, "რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განხორციელების პროცესის და ადამიანის და ეკონომიკური უფლებების დაცვის შესახებ".
ვიზიტთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნდა გავლენიანი პოლიტიკური კომენტატორისა და საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტის ტომ როგანის სტატია, რომელშიც ავტორი ამბობს, რომ საქართველოში გაზრდილი ავტორიტარული მმართველობის გამო, პომპეომ თბილისში საქართველოს ხელისუფლებისთვის მკაცრი გზავნილები უნდა ჩამოიტანოს.