„უამრავი კოლეგა გვინახავს აქ, რომლებსაც რაღაცებს აბრალებენ და ამ დროს თვითონ, 50 მილიონი ლარი მოიპარეს ბიუჯეტიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავას საქმეზე საუბრისას განაცხადა. განცხადება მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც უკვე რამდენიმე საათია პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.
მან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვით მიმართა, აპირებენ თუ არა 50 მილიონი ლარის ბიუჯეტში დაბრუნებას.
„როცა საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვამთ ხოლმე რამდენიმე მილიარდზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შემოვიდა ამ ქვეყანაში და სად გაქრა ეს ფული არავინ იცის, დღესაც ვერ ვასაბუთებთ, ამ შემთხვევაში ზუსტად ვიცით სად წავიდა 48 მილიონი და წინა შემთხვევაში 4 მილიონი, რომელიც ერთ შემთხვევაში სხვა ფორმულირებით და მეორე შემთხვევაში გაფლანგვის ბრალდებით, დაუდასტურდა გიგი უგულავას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იღოს პასუხისმგებლობა სხვისკენ თითის გაშვერას და დაბრალებებს აჯობებს. უამრავი ჩვენივე კოლეგა გვინახავს აქ, რომლებსაც აბრალებენ მათი მედიასაშუალებების მეშვეობით რაღაცებს და ამ დროს თვითონ, დადასტურებულად, 50 მილიონი ლარი გააქრეს, შეჭამეს, მოიპარეს ბიუჯეტიდან. მთავარი კითხვაა, აპირებენ თუ არა 50 მილიონი ლარი დააბრუნონ საქართველოს ბიუჯეტში, რაც ბევრ კარგ საქმეს წაადგება. ამის მერე ილაპარაკონ ყველაფერ დანარჩენზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შოთაძის მოსმენა პარლამენტში მწვავე შეკითხვების ფონზე ამ დრომდე გრძელდება მიმდინარეობს.