ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტის ვიცესპიკერის და მმართველი გუნდის წევრის გია ვოლსკის შეურაცხმყოფელ ჟესტს გამოეხმაურა, რომელიც დეპუტატმა აქტივისტებს უჩვენა და აღნიშნა, რომ ყველას თმენის ვალდებულება აქვს.
ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ ამ სიტუაციას აქვს მეორე მხარეც და მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ოფისთან გამართული აქციას უკან ფსბ-ს აგენტურა დგას.
"ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება. ვოლსკისთანაც გექნებათ საშუალება რომ მისი კომენტარი ჩაწეროთ. არამგონია - "რა კარგი რამ გავაკეთეო" თავად გიამ თქვას, თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. არ ვცდილობ რამის გამართლებას ან გამტყუნებას. როცა მამის ტოლა კაცს აგინებ და მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგეგმილია და სათავეში უდგას ფსბ-ს აგენტურა, მართლა ძნელი მოსათმენია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა შეცვალე აქციას მართავდა, რა დროსაც პოლიციამ 12 აქტივისტი დააკავა. მოგვიანებით დააკავეს კიდევ ერთი აქტივისტი ნიკა ფარულავაც. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა. აღნიშნულმა აქტივისტებში პროტესტი გამოიწვია და მას "მონა" უწოდეს. სწორედ ამას მოჰყვა აქციის მონაწილეების დაკავება.