logo
ENG



მდინარაძე იან კელიზე: ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას

06 დეკ 202116:09
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე იან კელიზე: ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას "ღია ლობიზმს" უწევს.

მდინარაძის მტკიცებით, კელის განცხადებები არაობიექტურია.

"იან კელის განცხადებები ამ ბოლო დროს კიდევ უფრო რადიკალური და მწვავე ხდება და ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს ნაცმოძრაობას. არ მგონია ნაცმოძრაობის პოზიციის ასეთი აშკარა მხარდაჭერა, ასეთი უაპელაციო მხარდაჭერა, ამ ქვეყანაში თუნდაც ერთ ადამიანს, თუნდაც სუბიექტურად მოფიქრალს და მოაზროვნეს დაუტოვებს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს ადამიანი ერთ განცხადებას ან ერთ ფრაზას მაინც ობიექტურად აკეთებს", - ამბობს მდინარაძე.

კობახიძის გაკრიტიკების შემდეგ ქართულ ოცნების წევრები თავს ესხმიან იან კელის და ამბობენ, რომ ის ენმ-სთან აფილირებულია.

იან კელი გუშინ, 5 ნოემბერს Twitter-ზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ საარჩევნო ბარიერზე საუბრისას თქვა, რომ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის. ამის საპასუხოდ დეგნანმა განაცხადა, რომ მასაც აქვს განათლება და გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში.

იან კელიმ კი კობახიძეს მიმართა: "შეეშვი კელი დეგნანის კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შელახვას. ამ ბრძოლას ყოველთვის წააგებ".


close დახურვა