მამუკა მდინარაძე არ უარყოფს, რომ ქართული ოცნების წევრები პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე განიხილავდნენ ნიკა მელიას დაპატიმრებისა და ენმ-ის ოფისში შეჭრის საკითხს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართული ოცნების წევრები აღკვეთის ღონისძიების აღსრულებაზე მსჯელობდნენ.
„უფრო მეტი აღიარება და სკანდალურობა უნდა შევძინო ამ ყველაფერს. არა მხოლოდ იმ დღეს, როცა პროცესი მიმდინარეობდა, წინა დღეებშიც ვმსჯელობდით ამ თემაზე. იყო ორი ვერსია: მოსამართლე პროკურატურის მიმართვას ან დააკმაყოფილებდა, ან არ დააკმაყოფილებდა. ერთერთი ვერსიის აღსრულებაზე ვმსჯელობდით. პოლიტსაბჭოზე კი არა, უმრავლესობის სხდომაზეც გვქონდა ამაზე საუბარი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ 12 მარტს რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ ენმ-ის შტაბში შეჭრის შესახებ პოზიცია 17 თებერვალს, საღამოს ხუთ საათზე შეიცვალა. ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შესახებ კი სასამართლო სწორედ 17 თებერვალს მსჯელობდა, თუმცა განაჩენი გვიან ღამით გახდა ცნობილი.
როგორც ოპოზიციის წარმოამდგენლები და ნიკა მელიას ადვოკატები ამბობენ, ირაკლი კობახიძემ ამ განცხადებით აღიარა, რომ მმართველი გუნდი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებას სასამართლოს განაჩენის არსებობამდე გეგმავდა.
ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა. მას შემდეგ ენმ-ის ოფისში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერია მობილიზებული. ისინი ამბობენ, რომ სამართალდამცველებს მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც გაიცა მისი პატიმრობის განჩინება.
17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო.