logo
ENG



მდინარაძე ჩანაწერზე: ფაბრიკაციაა, ეს არის 2010 წლის, როცა ოცნება პოლიტიკაში ჯერ არ იყო

06 მარ 202121:35
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე ჩანაწერზე: ფაბრიკაციაა, ეს არის 2010 წლის, როცა ოცნება პოლიტიკაში ჯერ არ იყო
ფოტო: ვახო ქარელი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ და აღნიშნავს, რომ ჩანაწერი "აბსოლუტური ფაბრიკაციაა". 

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჩანაწერი არის 2010 წელს გაკეთებული და ის სხვადასხვა საუბრების დროს გაკეთებული ჩანაწერებით და ფრაზებით არის აწყობილი. 

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. 

"გვქონდა ინფორმაცია ამაზე და ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ არა - 2011 და 2012 წლების, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ქართული ოცნება, არამედ 2010 წლის, არა ერთ, შეიძლება რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრეფილია, ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზები.

არის აბსოლუტური ფაბრიკაცია და ამის მეშვეობით, ჩვეულებრივი კგბ-ს მეთოდით, არის დამონტაჟებული და მიმდინარეობს საინფორმაციო ტერორი ჩვენს საზოგადოებას. ალბათ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს და რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს ამაში, უნდა იყოს დაგმობილი და საზოგადოებრივი აზრი უნდა ჩამოყალიბდეს თქვენი მეშვეობით იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ქმედებები არის დასაგმობი", - ამბობს მდინარაძე. 

ტვ პირველის გადაცემაში, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ბერა და ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას ათანხმებენ. ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ გადაცემის ანონსის გამოქვეყნებიდან მალევე ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა თქვა, რომ ჩანაწერი უკანონოდ არის მოპოვებული, ამასთან დამონტაჟებული და ფაბრიკაციაა და რომ ეს სააკაშვილის და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერაა. 

ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. 

ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მხოლოდ ეფექტიანი გამოძიებით შეიძლება შეფასდეს ჩანაწერის ავთენტიკურობა და დადგინდეს ნამდვილობა, შინაარსი კი ცალკე გამოძიების საგანი უნდა გახდეს. 

 

 


close დახურვა