logo
ENG



მდინარაძე ჰარცელზე: საყვედურიც გამოვთქვით და გავაკრიტიკეთ კიდევაც - არ მოვერიდეთ

26 სექ 202121:11
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე ჰარცელზე: საყვედურიც გამოვთქვით და გავაკრიტიკეთ კიდევაც - არ მოვერიდეთ
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან დაკავშირებით ამბობს, რომ "როცა გასაკრიტიკებელი იქნება კონკრეტული ადამიანი, გააკრიტიკებენ, როცა მადლობა იქნება სათქმელი,  მადლობას იტყვიან". ასე ეხმაურება ის მელია-კობახიძის დაპირისპირების შემდეგ ელჩის კომენტარს.

მდინარაძე აცხადებს, რომ ელჩის განცადებასთან დაკავშირებით საყვედურიც გამოთქვეს და არ მოერიდნენ, რადგან "ობიექტურები და მართლები იყვნენ".

"ჩვენ საყვედურიც გამოვთქვით და გავაკრიტიკეთ კიდევაც. არ მოვერიდეთ იმიტომ, რომ ობიექტურები და მართლები ვართ ამ შემთხვევაში. თუ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს მადლობა ვუხდით იმისთვის, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები და როგორც უდგანან ამ ქვეყანას გვერდით, ეს ერთი მხარეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა მათი განცხადებები ობიექტურად არ მოგვეჩვენება, ამის შესახებ არ ვილაპარაკოთ. ჩვენ ვილაპარაკებთ ამის შესახებ. როცა გასაკრიტიკებელი იქნება კონკრეტული ადამიანი, აუცილებლად გავაკრიტიკებთ, როცა მადლობა იქნება სათქმელი, მადლობას ვიტყვით, ეს არის სწორი დამოკიდებულება", - თქვა მდინარაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მელია-კობახიძის დაპირისპირების შემდეგ ჰარცელმა თქვა, რომ პარტიების ლიდერების მიერ ერთმანეთის მიმართ აგრესიის გამოხატვის გამო წუხს. მისივე თქმით, შემაშფოთებელი იყო ოფისის წინ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა. ელჩის განცხადებით, ამ საკითხზე კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან ჰქონდა. მან მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ამასთან დაკავშირებით კობახიძემ თქვა, რომ დაპირისპირების შესახებ ელჩის შეფასება შესაბამისი არ იყო და მელიამ ეს განცხადება, შესაძლოა, მწვანე შუქად მიიღოს. ელჩი გააკრიტიკეს ოცნების სხვა წევრებმაც. ისინი ჰარცელისგან "მელიას პროვოკაციის" დაგმობას ითხოვდნენ.

ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ ოფისთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ, რომლებიც მელიას გამოსვლას ელოდებოდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ ისინი კობახიძის მოწოდების შემდეგ დაიშალნენ.


close დახურვა