logo
ENG



მე დღემდე ვცდილობ მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას - კობერიძე

29 ივლ 202018:00
3 წუთის საკითხავი
 
2mxvlvykcwwoiq6.jpg


"მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. მე ვცდილობ დღემდე მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას, რომელიც უნდა მოხდეს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის გარეშე. ეს არის ელისაშვილის პარტია, ლელო, ჩვენი საქართველო, რომელიც ჩემმა თანაფრაქციელებმა შექმნეს და ა.შ", - განაცხადა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას. 

კობერიძე აცხადებს, რომ მოსახლეობის დაკვეთაა მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ვინაიდან ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს "გარკვეული ტოქსიკურობა" ახასიათებთ. 

"მოლოდინი მოსახლეობის არის ის, რომ ახალი მესამე პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. იმიტომ, რომ ქართული ოცნების გარშემო არსებული თანავარსკვლავედი გასაგებია, რას წარმოადგენს მოსახლეობისთვის და უკვე დაღმავალი რეიტინგი აქვთ.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის გარშემო არსებულ თანავარსკვლავედს, ან სხვადასხვა დოზით მათთან თანამშრომლობის ცენტრებს, აქაც გარკვეული ტოქსიკურობა აქვთ", - განაცხადა კობერიძემ. 

კობერიძის თქმით, 2-3 კვირის განმავლობაში თუ ვერ მოხერხდება ახალი საარჩევნო ბლოკის შექმნა, ის თბილისის რომელიმე უბანში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს. 

"ახლა მაქვს ეს დღის წესრიგი. თუკი დავინახავ, რომ არ იქნება ამის პოლიტიკური ნება და თუკი ვერ დაძლევენ ეგოებს, მე უკვე, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი და პოლიტიკოსი თბილისის რომელიმე უბანში დავაყენებ ჩემს კანდიდატურას.

მე ვფიქრობ, რომ ერთი-ორი კვირა კიდევ არის იმისთვის, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკი შეიქმნას და გამოვიდეს ერთი ნომრით, ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ", - განაცხადა კობერიძემ.  

 


close დახურვა