logo
ENG



მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი - ზურაბიშვილი ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა

01 ივლ 202017:43
3 წუთის საკითხავი
clock 425
ap3i5cklo81wh74.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა.

,,როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამით იყო განპირობებული. სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფად, მიუღებელია ფეიკნიუსები, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები.

იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა წარმატებით ჩააბაროს და სტაბილურობას არაფერი დაემუქროს, გვმართებს მეტი ყურადღება, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არის სხვადასხვა სახის მცდელობები და სწორედ ამ პერიოდში უცხოელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება, ფალიტიტატორი ელჩების შუამავლობით, 8 მარტს შედგა. შეთანხმების ერთი ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებებსა და მანდატების 120/30-ზე გადანაწილებას ეხებოდა, ხოლო მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. კერძოდ, საუბარი იყო გიორგი რურუაზე, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიგი უგულავაზე.

15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიის წევრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ შეთანხმებაში პოლიტპატიმრებზე არაფერია ნათქვამი. 
26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის ინიციატივით, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები, რომელიც სწორედ 8 მარტის შეთანხმებასა და გიორგი რურუას პატიმრობას ეხება. შესწორებაში აღნიშნულია, რომ რურუა კვლავ პატიმრობაშია და წერია, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველოს მთავრობა დანაპირებს შეასრულებს.

close დახურვა