logo
ENG



მეგრელიშვილი: თუ ენმ-ს დავარწმუნებ, რომ ჩვენთან ერთად პარლამენტში შემოვიდეს, შევალ

08 დეკ 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შევა იმ შემთხვევაში, თუ ასეთ გადაწყვეტილებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც მიიღებს.

როგორც მეგრელიშვილმა ლელოს ოფისთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეცდება, ენმ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხუმრობს თუ არა ის, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ "მართლა ამბობს":

"ნაციონალური მოძრაობის გარეშე ფეხის შემდგმელი არ ვარ. თუ დავარწმუნე ნაციონალური მოძრაობა, რომ ჩვენთან ერთად შემოვიდეს, რა თქმა უნდა, შევალ. რაღაცები მომწონს და მინდა, რომ დამეხმაროს ნაციონალური მოძრაობა იმ შედეგის მიღებაში, რაც ყველამ იცის, რომ მინდოდა. თუ შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც გირჩს უნდა და იქ, პარლამენტში, არის ნაციონალური მოძრაობა, მაშინ ჩვენ დიდი სიამოვნებით შევდივართ, თუ ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიცია იქ არ არის, ის ხომ პარლამენტი არ იქნება და მაშინ გირჩს იქ რა უნდა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

X მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება. თუმცა, ვინაიდან ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში არიან, საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ქართული ოცნება იმუშავებს. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს. პოლიტიკური კრიზისიც სწორედ ამას მოჰყვა. პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ასევე, პოლიტპატიმრების: ივერი მელაშვილის, ნატალია ილიჩოვას, აკაკი ხუსკივაძის, აკაკი კობალაძის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. 

მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ფასილიტატორები საქართველოს დასავლელი პარტნიორები არიან. 

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა. 

მოლაპარაკების საკითხი სწორედ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა