logo
ENG



მეგრელიშვილი: ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ, მადლობაც უნდა ვთქვათ

02 თებ 202114:13
3 წუთის საკითხავი
clock 450

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი ქართულ ოცნებას ოპოზიციისთვის მანდატების არგაუქმების გადაწყვეტილების მიღების გამო მადლობას უხდის.

ჟურნალისტებთან საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ "პრეზიდენტიც კი გამოვიდა" და სწორედ ამისკენ მოუწოდებდნენ "ოცნებას" ევროპარლამენტარებიც.

"ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ, ალბათ მადლობაც უნდა ვტქვათ, რადგან გუშინ ჩვენი განცხადებაც იყო ამის შესახებ. არამხოლოდ ჩვენი განცხადებები იყო, ევროპარლამენტარები, პრეზიდენტიც კი გამოვიდა. მგონი, სწორი მიმართულებით დავიწყეთ რაღაცნაირად მოძრაობა. გაგვიჩნდა დრო, რა პოზიციაც გვქონდა ავხსნათ კიდევ ერთხელ, გასაგები გახდეს, რომ ის მოლაპარაკებები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მიდიოდა, მართლა ღირებულებებს შეიცავს", - ამბობს მეგრელიშვილი. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს, 2 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები ოპოზიციონერ პარლამენტართა მოთხოვნას, მათი საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილებს. კობახიძემ ახსნა, რომ ოპოზიციონერთა ნაწილს პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა საჯარო წნეხისა და "ბულინგის" გამო ამის გაკეთებას ვერ ბედავენ. 

მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების შემდეგ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ, მმართველი გუნდი ახანგრძლივებს მოლაპარაკებების ფანჯარას და ოპოზიციასთან შეთანხმების შესაძლებლობას კვლავ ინარჩუნებს. 

კობახიძემ ხელისუფლების გადაწყვეტილება საპარლამენტო საბოტაჟის კონსტიტუციური მექანიზმებით შეკავებად შეაფასა. 

"სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს საბოტაჟს და საბოტაჟის განამხორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები". - თქვა მან.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ორივე მხარეს შეთანხმებისკენ მოუწოდა, კრიტიკოსთა ნაწილმა პრეზიდენტის განცხადება ხელისუფლების პოზიციად შეაფასა და გუშინვე ივარაუდა, რომ სახელისუფლებო პარტია ოპოზიციური მანდატების გაუქმებაზე უარს იტყოდა. 

სწორედ ამას მოუწოდებდა ხელისუფლებას გირჩის იმ ლიდერთა ნაწილი, რომლებსაც სადეპუტატო მანდატების გაუქმებაზე პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.


close დახურვა