logo
ENG



მედვედევი: 2008 წელმა გვაჩვენა, რომ დასავლეთთან დაძაბულობა შემცირდება, დაიღლებიან

21 თებ 202220:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/21/e20yrhbe2vzje2u.png

რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა, ამჟამად საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა დღეს უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბულობა 2008 წლის აღიარებას შეადარა. 

მედვედევის თქმით, დღეს სიტუაცია გაცილებით რთულია, მაგრამ ამასთან, გაცილებით მარტივიც, ვინაიდან, 2008 წლისგან განსხვავებით, რუსეთმა იცის, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია. 

"ჩვენ ვდგავართ ამ ორი ტერიტორიის [დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების] აღიარებასთან დაკავშირებული რთული დილემის წინაშე. მათ მოგვმართეს ასეთი განცხადებით, ასევე, ჩვენმა პარლამენტმა უკვე მიიღო ასეთი რეზოლუცია. 

არც ისე ცუდად მახსოვს 2008 წელი. შემიძლია, ვისაუბრო გარკვეული გამოცდილებიდან, მით უფრო, რომ მაშინ მომიწია მიმეღო არც ისე მარტივი გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებაზე. 

ეს იყო გაკვეთილი ნატოსა და ევროპული ქვეყნებისთვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან ასე მოქცევა არ შეიძლება. 

დღეს სიტუაცია გაცილებით რთულია, მაგრამ ამასთან, გაცილებით მარტივიც.

რთულია იმიტომ, რომ პოტენციური კონფლიქტის მასშტაბი 2008 წლის კონფლიქტთან შედარებით, გაცილებით დიდია. 

მეორე მხრივ, მარტივია იმიტომ, რომ დღევანდელი დღისგან განსხვავებით, მაშინ არ ვიცოდით, როგორი იქნებოდა დასავლეთის რეაქცია.

ახლა ვიცით, რა შეიძლება მოხდეს. ვიცით ყველა შესაძლო პრობლემა, ყველა სირთულე, ყველა წინადადება სანქციების შესახებ, რომელსაც გამუდმებით იმეორებენ ჩვენი მისამართით. გვესმის, რომ ზეწოლა იქნება აბსოლუტური, მაგრამ ვიცით, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ ზეწოლას.

14-წლიანმა მწარე გამოცდილებამ წინ წაგვწია. ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რომ გაგვიჭირდება, თუმცა რაღაც დროის შემდეგ, სიტუაციის ეფექტიანად მართვის შემთხვევაში, ეს დაძაბულობა [დასავლეთს და რუსეთს შორის] შემცირდება - არა უცებ, მყისიერად. 

მაგრამ, ამ ვითარებით დასავლეთში დაიღლებიან და თვითონ გვთხოვენ სტრატეგიული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებას. ჩვენი პარტნიორებისთვის რუსეთი უკრაინაზე მეტს ნიშნავს". - თქვა დმიტრი მედვედევმა. 

დონეცკის და ლუგანსკის საოკუპაციო რეჟიმების ხელმძღვანელებმა დღეს რუსეთის პრეზიდენტს მიმართეს, აღიარონ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. 

რუსეთის უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე იმსჯელეს. საბჭოს ყველა წევრი დაეთანხმა ამ ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობად ცნობას, ვლადიმირ პუტინმა კი თქვა, რომ გადაწყვეტილებას დღეს,  21 თებერვალს გამოაცხადებს. 

მანამდე რუსეთის დუმამ პრეზიდენტ პუტინს ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარებისთვის მიმართა. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას მხარი დაუჭირეს 

საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.


close დახურვა