logo
ENG



მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან შეერთებით იმუქრება

23 აგვ 202312:16
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ რუსეთი არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შეიერთებს.

მედვედევი ამის შესახებ სტატიაში საუბრობს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საიუბილეო თარიღიდან 3 დღით ადრე გამოაქვეყნა და რომელშიც 2008 წლის შემდეგ მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრობს.

"დარწმუნებული ვარ, 15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ქცევა. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის განმეორება.

ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებით გადავჭრათ პრობლემები, თუმცა, თუკი ჩვენი შეშფოთება რეალურ სახეს მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავაც პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს", - აცხადებს მედვედევი.

მედვედევი სტატიაში საუბრობს "გაკვეთილებზე", რომლებიც მისი აზრით, დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ვერ "ისწავლეს". ამ კონტექსტში ის NATO-ს ახსენებს და ამბობს, რომ ალიანსი "კიევის რეჟიმის ხელით" რუსეთის წინააღმდეგ "სისხლიან ომს" ახორციელებს.

მედვედევი წერილში ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში შეიმჩნევა რუსოფობია და ამბობს, რომ "რუსოფობების ბოლოდროინდელი გამოსვლები საქართველოში მიუთითებს, რომ ეს საზოგადოება კვლავ ფიქრობს რევანშზე" და ამტკიცებს, რომ "ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის რუსეთთან მშვიდად ცხოვრება უფრო კომფორტულია".

"საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ჩვენს სახელმწიფოსთან მშვიდად ცხოვრება. რუსეთი ახლოს არის, ამერიკა – საზღვარგარეთ. საქართველოსთვის, უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან, რუსოფობია არის სისულელე, სიმახინჯე, მძიმე ავადმყოფობა. საბედნიეროდ, ის სრულიად განკურნებადია", - წერს მედვედევი სტატიაში.


close დახურვა