logo
ENG



მედვედევი უკრაინის ხელისუფლებაზე: იფრთხილონ, გასაცვლელ ადამიანთა შორის თავადაც არ მოხვდნენ

13 აპრ 202215:27
3 წუთის საკითხავი
 
მედვედევი უკრაინის ხელისუფლებაზე: იფრთხილონ, გასაცვლელ ადამიანთა შორის თავადაც არ მოხვდნენ

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას გამოეხმაურა.

მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინას მედვედჩუკისგან ინფორმაციის გამოძალვა, შემდეგ კი მისი გასამართლება და გაცვლა სურს და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იფრთხილონ, რათა "გასაცვლელ ადამიანებს შორის თავადაც არ მოხვდნენ".

„ზოგიერთი გიჟი, ვინც საკუთარ თავს „უკრაინის ხელისუფლებას“ უწოდებს, აცხადებს, რომ სურთ ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკს გამოსძალონ, შემდეგ კი „სწრაფად და სამართლიანად“ გაასამართლონ ის და შემდეგ სამხედრო ტყვეებში გაგვიცვალონ.

ეს ადამიანები გარშემო ფრთხილად უნდა იხედებოდნენ და ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავადაც არ მოხვდნენ“, - წერს დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ არხზე. 

უკრაინას რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული, ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ დააკავეს.

დაკავებულის ფოტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა და ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა. დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა, რომ პუტინის მეგობარი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ.

რადას პრორუსი დეპუტატი მედვედჩუკი უკრაინაში მოსკოვის იდეების გამავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. ის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის ლიდერია. რუსეთის პრეზიდენტი კი მისი შვილის ნათლიაა.

მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსეთის თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი ბელარუსში გაიქცა, მოგვიანებით გაიქცა მედვედჩუკიც.


close დახურვა