უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ვიქტორ მედვედჩუკის ვიდეო, რომელშიც ის უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს სთხოვს, მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვალონ.
პრორუსი დეპუტატი, რომელიც უკრაინელებმა 12 აპრილს დააკავეს, ვიდეოში ამბობს, რომ მებრძოლები და მოქალაქეები ბოლოკირებულ ქალაქში, ჰუმანიტარულ დერეფნებზე უსაფრთხო წვდომის გარეშე იმყოფებიან.
ვიქტორ მედვედჩუკი წლების განმავლობაში ატარებდა პუტინის ინტერესებს უკრაინაში. ვლადიმირ პუტინი მისი შვილის ნათლიაა.
მედვედჩუკს ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ომის დაწყების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნიდან გაიქცა მისი ცოლი.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი - მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა.
რაც შეეხება მარიუპოლს - საპორტო ქალაქი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია.
რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 120 ათასამდე მარიუპოლელი კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ.
მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის. 36-ე ბრიგადა აზოვის ბატალიონს 13 აპრილს შეუერთდა.
უკრაინა მათი სამხედრო ძალით დახმარებას ვერ ახერხებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა თქვა, უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქამდე ვერ მივლენ, ვინაიდან მათ რუსული არმია როსტოვის ოლქიდან და ყირიმიდან დაბომბავს იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია, რომელიც რუსულმა ავიაციამ უნდა გადაიფრონოს, რუსეთის მიერ კონტროლდება.