ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა თირკმლის უკმარისობის გამო, რის გამოც იგი დიალიზის პროცედურას გადის. ამის შესახებ Ukrinform-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР МО) წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, ექიმები კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთებას ერიდებიან. ამ ეტაპზე ჩეჩნეთის ლიდერი საკუთარ კლინიკაში იმყოფება ჩეჩნეთში, სადაც მისი ოჯახის წევრები და კლანის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ.
კადიროვის მძიმე ჯანმრთელობის ფონზე, კრემლში გააქტიურდა ჩეჩნეთის ახალი ლიდერის შესაძლო კანდიდატებზე მსჯელობა. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ყველაზე სავარაუდო და მოსკოვისთვის მისაღებ კანდიდატებად სახელდებიან მაგომედ დაუდოვი, აპტი ალაუდინოვი და რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი - ახმატ კადიროვი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რამზან კადიროვმა 20 წლის ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, ამასთან, მან სპორტის მინისტრის პოსტიც შეინარჩუნა.
