logo
ENG



მედია მედიისთვის - ჟურნალისტებმა პარლამენტთან საკუთარი უფლებების დასაცავად აქცია გამართეს

21 დეკ 201917:07
3 წუთის საკითხავი
 
fhabwxc75zo13p5.jpeg

საკუთარი უფლებების დასაცავად პარლამენტთან ჟურნალისტები შეიკრიბნენ. მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებმა მედიაზე ზეწოლა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა გააპროტესტეს.

ადგილზე იმყოფებოდა ქარტიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატა ძველიშვილიც. როგორც ძველიშვილმა "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნა, უამრავი საქმე, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას უკავშირდება, თაროზეა შემოდებული. 

„გვაქვს არაერთი საქმე, როდესაც ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის მიუხედავად, არც ერთი საქმე არ გამოძიებულა. თაროზეა შემოდებული ბევრი საქმე. გვქონდა 20 ივნისი, როდესაც 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მაგრამ პასუხისგებაში არავინაა მიცემული. უფრო მეტიც, დაზარალებულად არ არიან ცნობილნი. ბოლო დროს ვხედავთ, როგორ უარესდება კომუნიკაციის ტონი და ფორმა ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ, რაც შემდგომში ძალადობას ახალისებს მედიის წარმომადგენლებისადმი. ვიცით, როგორ უჭირთ ჟურნალისტებს ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა. ვითხოვთ ყველა საქმის გამოძიებას“, - განაცხადა ნატა ძველიშვილმა

ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ხშირ შემთხვევაში თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას. 

„ეს არის არა მხოლოდ ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა, არამედ ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, მათი ტექნიკის ხელყოფა. ყველანი ველოდებოდით, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა სწრაფი რეაქცია და დასჯილი იქნებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც უხეშად ეპყრობიან ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლებს, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს პროცესი ჯანჯლდება. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ყველაფერი გადაივლის. ეს გვაფიქრებს იმაზე, რომ თუ ხელისუფლების ხელის დაფარებით არა, მათი წახალისებით მაინც ხორციელდება ასეთი ტიპის თავდასხმები“, - განაცხადა ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ. 

მედიის მიმართ არსებულ აგრესიულ დამოკიდებულებაზე ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძეც საუბრობს. 

„20 ივნისის ღამეს ბევრი ჟურნალისტი დაზარალდა. სერიოზული ტრავმები მიიღეს ადამიანებმა. ყველა ეს საქმე არის გამოუძიებელი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა საქმე დროულად იყოს გამოძიებული, ისინი უნდა იყვნენ ცნობილნი დაზარალებულაებად და ასევე, უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი კომპენსაცია“, - აღნიშნა ქორიძემ


close დახურვა