logo
ENG



მედიაკოალიცია: კატეგორიულად ვგმობთ ფორმულას ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას

13 მაი 202316:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/13/u4pf63er01vrllo.jpg

მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებს, რომ კატეგორიულად გმობს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას და პარლამენტს ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს.

კოალიციის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი  მედიის წარმომადგენლებს დისკრიმინაციულიად აკრედიტაციას უჩერებს.

მათი თქმით, საქართველოს პარლამენტი, "ნაცვლად საჯაროობისა და ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფისა, ახორციელებს მედიის წინააღმდეგ სისტემურ სადამსჯელო ღონისძიებებს".

"ჟურნალისტების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის და მიუღებელია მათი შეზღუდვა საჯარო ინტერესის საკითხებზე გაშუქებისას.  მედიის როლი დემოკრატიაში არის სიმართლის გამოვლენა, მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და ხელისუფლებაში მყოფთა საქმიანობის მონიტორინგი." - წერია განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღადგინოს ფორმულას ჟურნალისტებისთვის აკრედიტაცია, ასევე გააუქმოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის შესახებ, სადაო მუხლები და უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ პროფესიული მოვალეობების შესრულებაში.  

"კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტია ქართულ ოცნებას პატივი სცეს და დაიცვას მედიის თავისუფლება, რომელიც  ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

პარლამენტმა ფორმულას გადამღებ ჯგუფს: ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას ირაკლი ზარქუასთვის პუტინის გადაწყვეტილების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა

მათთვის აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

ზარქუა უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟურნალისტ, გიორგი კიკაბიძის კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა.

6 აპრილს პარლამენტმა სამი წამყვანი მედიის წარმომადგენლებს, კერძოდ ტვ პირველის ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, მთავარი არხის ჟურნალისტ თათია წოწონავას და ოპერატორ ზუკა ჩხვირკიას, ფორმულას ჟურნალისტ სოფიო გოზალაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.

პარლამენტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია მედიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტებისას დეპუტატებისათვის პარლამენტის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეებისა და პროსამთავრობო მედია POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 5 მარტს პარლამენტმა რამდენიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა, ნაწილს კი იმავე დღეს ისევ აღუდგინეს

როგორც ჟურნალისტებმა თქვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აკრედიტაცია ერთი თვის ვადით უჩერდებოდათ.

2 მარტს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი, გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ის ჟურნალისტები, ვისაც აკრედიტაცია "აქციაში მონაწილეობის" მოტივით შეუჩერეს, პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ.

1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.


close დახურვა