ესპანური მედიის ცნობით, ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი ხუთშაბათს კიევში ჩავა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
მედიის ინფორმაციით, ეს იქნება სანჩესის მეორე ვიზიტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. პირველად ის გასულ წელს, აპრილში ჩავიდა.
დღეს ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ესპანელ პარლამენტარებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინისთვის Leopard 2-ის 6 საბრძოლო ტანკის გაგზავნას გეგმავს. რობლესმა აღნიშნა, რომ მომავალში, შესაძლოა, უკრაინაში უფრო მეტი ტანკი გაიგზავნოს.
25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
11 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.