logo
ENG



მელია: აუცილებლად მოუწევთ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა

29 აპრ 202212:43
3 წუთის საკითხავი
 
მელია: აუცილებლად მოუწევთ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ქართულ ოცნებას "აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა".

როგორც მელია აღნიშნავს, მმართველ გუნდს არ უნდა, რეალობას თვალი გაუსწოროს.

"ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში. ეს ადამიანი აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ბატონი კობახიძე და სხვები რაც არ უნდა საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა იქ ექვსწლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არის გამორიცხული. ეს ჩემზე კარგად იციან. ისინი ელაპარაკებიან საკუთარ ამომრჩევლებს, საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს და არ უნდათ რეალობას თვალი გაუსწორონ. რეალობა კი სრულიად საპირისპიროა - მათ აუცილებლად მოუწევთ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა"- თქვა მელიამ.

28 აპრილს ოჯახმა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადასაყვანად მთავრობას ორშაბათამდე მისცა დრო.

27 აპრილს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".

ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ  ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.


close დახურვა