logo
ENG



მელია: გახარიამ გადადგომით აღიარა, რომ სისხლისღვრა იგეგმებოდა და ეს არ გააკეთა

18 თებ 202111:13
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, გახარიას საქციელი დასაფასებელია და მისი გადადგომით ნათელი გახდა, რომ ენმ-ის ოფისში სისხლისღვრა იგეგმებოდა. 

მელიას თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მმართველ გუნდთან შეხვედრას ითხოვს.

"ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, რიგ ქართული ოცნების წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც, როგორც ჩანს, მეორედ აღარ გადადგა სისხლისღვრისკენ ნაბიჯი, რომლისკენაც ალბათ, საკუთარი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ. გახარიას საკმარისი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური, ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასდროს ჩამოირეცხავს. ის, რომ გახარია გადადგა თანამდებობიდან, ის, რომ მან, პრაქტიკულად, აღიარა, რომ დღეს სისხლისღვრა იგეგმებოდა და ეს არ გააკეთა, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის. ვითხოვთ სასწრაფოდ შეხვედრას პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთ საკითხთან, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით", - განაცხადა მელიამ.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მელიას დაკავება დროებით გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა გუშინ, 17 თებერვალს ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეცვალა. ბრალდება ენმ-ის თავმჯდომარისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.


close დახურვა