logo
ENG



მელია: ვიღაცებს შეიძლება პარლამენტში შესვლის სურვილი აქვთ, მაგრამ საზოგადოების ეშინიათ

08 დეკ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გამორიცხავს, რომ ოპოზიციიდან ვინმე მე-10 მოწვევის პარლამენტში შევიდეს, თუმცა აქვე დასძენს, რომ თუ ვინმე შევა, ის დეპუტატი და ოპოზიციონერი არ იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მაგალითად, ბევრ საჯარო მოხელეს უნდა ქრთამის აღება, მაგრამ დასჯის ეშინია და აქაც იგივე მომენტია - ვიღაცას შეიძლება შესვლის სურვილი აქვს, მაგრამ მორალური პოლიციის - ხალხის ეშინია.

"მე-10 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, უბრალოდ რაღაც ნივთი. ვინმე თუ ცდუნებას ვერ გაუძლებს და შევა, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიცონერი. როგორ წარმოგიდგენიათ, 6 კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ 6-მა ადამიანმა? მე გამოვრიცხავ.

შესვლის სურვილი შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეს, მაგალითად, ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, პოლიციის უფროსოს, კანონის, რომ არ დაისაჯოს, აქაც ალბათ ვიღაცებს აქვთ სურვილი, მაგრამ ეშინიათ მორალური პოლიციის, ხალხის, საზოგადოების, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებული", - ამბობს მელია.

მისი თქმით, ის არაფერს გამორიცხავს და ვერც ყველა ოპოზიონერზე დადებს თავს, ასევე, ვერც იმაზე საუბრობს, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ვინმესთან პარლამენტში შესვლაზე მოლაპარაკებები.

"ვერავისზე 100%-ით ვერავინ დადებს თავს, მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებს ივანიშვილს არავინ დაუკანონებს, მაგრამ თუ მეკითხებით, ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, რომ გითხრაით 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ მე?" - აღნიშნა მელიამ.

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება. III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა. 

მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა