logo
ENG



მელია: ხვალ პარლამენტში პროკურორი მიდის, ჩემი ადვოკატებიც მივლენ და იმედია, შეუშვებენ

15 თებ 202121:53
3 წუთის საკითხავი
 
მელია: ხვალ პარლამენტში პროკურორი მიდის, ჩემი ადვოკატებიც მივლენ და იმედია, შეუშვებენ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ხვალ, 16 თებერვალს, პარლამენტის საპროცედურო და იუირიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მისი საქმის პროკურორი მივა.

მელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისვლას მისი ადვოკატებიც აპირებენ, რათა პროკურორს კითხვები დაუსვან.

"ხვალ, 16 თებერვალს, 10 საათზე "პარლამენტში" იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე პროკურორი მიდის.

"პარლამენტში" მივლენ ჩემი ადვოკატებიც - გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია. ადვოკატები მიდიან ერთადერთი მიზნით - პროკურორს დაუსვან კითხვები, რათა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი ჩემს წინააღმდეგ.

იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის "პარლამენტში".

გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული!

და სულ ბოლოს ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის წინაშე!", - წერს მელია.

ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე ხვალ, 16 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.


close დახურვა