logo
ENG



მელია გვარამიაზე: ხელისუფლება დასაკავებელი და დაკავებული ადამიანებით ვაჭრობს

01 დეკ 202017:51
3 წუთის საკითხავი
 

მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში დაბარებას ფორმულასთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას აგრძელებს და დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს.

მელიას თქმით, რეჟიმი ადამიანების დაკავებებით ფონს ვერ გავა. ენმ-ის ლიდერი აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებები დევნიან ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია. 

"ამ რეჟიმს, მოსვლის დღიდან ხელისუფლება ჰგონია პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დევნოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია. ამის ილუსტრაციაა ბატონი გვარამია. მათ საწინააღმდეგოდ ისედაც გადაჭიმული ზამბარა კიდევ უფრო დაიჭიმება ამით და ზამბარას უკუგება ძალიან მტკივნეული ექნება. შეუძლებელია, ხელისუფლება ამით ფონს გავიდეს", - აცხადებს მელია.

ის იმედოვნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს და მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავალ ელჩებს ადამიანის უფლებების შელახვასა და მათ დევნაზე მკვეთრი რეაქცია ექნებათ. 

"იმედი მაქვს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ მიიღებენ იმდაგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, სადაც რეჟიმი დაკავებული და დასაკავებელი ადამიანებით ვაჭრობს. იმედს ვიტოვებ, რომ ელჩებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, სწორი პოზიცია ექნებათ. უნდა დაინახონ ნათლად, რა ხდება ქვეყანაში. როდესაც ხედავ, რომ დევნიან ოპოზიციურად განწყობილ ყველა ადამიანს, როდესაც ოლიგარქატი ყვავის, როდესაც არჩევნები არ ტარდება, როდესაც თავისუფალი მედია იდევნება და ამ ყველაფერზე სწორი პოზიცია არ გაქვს, შესაბამისად, დასავლური ღირებულებების დაცვაში არ ეხმარები ქართველ ხალხს, ბუნებრივია, კითხვის ნიშნები გაჩნდება. მაპატიეთ და მაკდონალდსი იაროსლავშიც არის. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორის ელჩი გვჭირდება, რომელიც მინიმუმ შავზე თეთრს არ იტყვის", - განაცხადა მელიამ.

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 7 დეკემბრიდან, მისი საქმის განხილვის განახლების შესახებ სასამართლოდან აცნობეს. Facebook-ის გვერდზე იგი წერს, რომ ამით "რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო". მისივე ვარაუდით, ამ საქმეს მმართველი პარტია "სავაჭრო თემად" გამოიყენებს ოპოზიციასთან პოლიტიკური მოლაპარაკებების დროს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.

2019 წლის 20 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე. 

 


close დახურვა