logo
ENG



მელია კობახიძეზე: საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რას ვაპროტესტებთ 1 თვეა

09 დეკ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

"საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რას ვაპროტესტებთ ჩვენ 1 თვის განმავლობაში", - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის, დღევანდელ ბრიფინგს.

მან კობახიძის განცხადება ოპოზიციაზე ღია შეტევად შეაფასა.

"აქ უკვე საკითხი ისე კი არ დგას, რომ არჩევნებს აღარ ჩავატარებ, რომც ჩავატაროთ, მონაწილეობასაც ვერ მიიღებენ ვიღაც-ვიღაცებიო. როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ ამბობ მუქარით, რომ რეგისტრაციიდან მოიხსნება, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აპირებენ, ჩააყენონ სხვა პარტიები, რომლებიც არ ეთანხმებიან ბიძინა ივანიშვილის წინადადებებს.

საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რას ვაპროტესტებთ ჩვენ 1 თვის განმავლობაში და ივანიშვილი კიდევ ერთხელ ღრმად ცდება და უკვე დაუშვა დიდი შეცდომა, რომ არ ითვალისწინებს მთავარს - ამ ოპოზიციური პარტიების უკან დგანან ცოცხალი ადამიანები, დგას 100 ათასობით მოქალაქე, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ", - თქვა მელიამ.

მისი განცხადებით, ამ ფონზე თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება და პარლამენტში შევა, ის არ იქნება პოლიტიკოსი და მით უმეტეს, ოპოზიციონერი.

კობახიძემ დღეს, 9 დეკემბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც კვლავ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ასეთად მან დაასახელა: მოქალაქეობა და მსჯავრდებულობა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ საპარლამენტო მანდატებს შეუწყვეტენ დეპუტატებს, რომლებიც "ოპოზიციის რადიკალი ლიდერების სცენარს ვერ შეეწინააღმდეგებიან" და საკანონმდებლო ორგანოში შესაბამის განცხადებას წარადგენენ.


close დახურვა